Home Geo Eng
 
 
 
     
 
 BII ინკუბატორის მოდელი
 მაკროეკონომიკური კონტექსტი
 მოდელის უნიკალურობა
 ეფექტი
 მდგრადობა
 კვლევის შედეგები
 
 
მოდელის უნიკალურობა
 
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სახელმწიფოსა და დონორების მხარდაჭრით არსებული ბიზნეს ინკუბატორების უმეტესობა წარუმატებელია, რის ძირითად მიზეზსაც განვითარებული ქვეყნებიდან გადმოტანილი მოდელის მოცემულ პირობებში არამდგრადობა წარმოადგენს. ასეთი ინკუბატორები უმრავლეს შემთხვევაში დამოკიდებული არიან თანამდებობებზე მყოფი პიროვნებების კეთილ ნებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტების დაბალი განვითარების და მდგრადობის გამო თანამდებობის პირის შეცვლის შემდეგ (რაც ძალიან ხშირად ხდება), იცვლება პოლიტიკა, მიდგომები და პერსონალი. ეს ცვლილებები კი წინა ხელმძღვანელობის დროს დაწყებული პროექტებისათვის ყოველთვის სასიკეთო არ არის.
 
ამგვარი საფრთხის მინიმიზაციის ერთადერთ რეალურ გზას თვითდაფინანსებისაკენ მიმართული სტრატეგია წარმოადგენს. BII ინკუბატორის ბიზნეს და საოპერაციო გეგმაში თავიდანვე ჩადებული იყო მდგრადობის მიღწევის სტრატეგია.
განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ინკუბატორის კლიენტ დამწყებ ბიზნესებს შორის ერთ–ერთ უმთავრეს განსხვავებას ბიზნესმენის ფინანსური და მატერიალური რესურსი წარმოადგენს. მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში დამწყებ ბიზნესმენს თითქმის ყოველთვის აქვს დანაზოგი ინკუბატორის სერვისების ასანაზღაურებლად და საარსებოდ, ასეთი რესურსი განვითარებად ქვეყნებში ძალზე იშვიათია და უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე წესს. ეს საკითხი და ზემოთ ნახსენები სახელმწიფო მხარდაჭერის არამდგრადობა აიძულებს ბიზნეს ინკუბატორებს განვითარებად ქვეყნებში უფრო კრეატიულები იყვნენ თვითდაფინანსების მისაღწევად. პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე უფრო ლოგიკურ გზას წარმოადგენს ინკუბატორის მიერ კლიენტ კომპანიებში წილის შეძენა სერვისების სანაცვლოდ (წილობრივი მოდელი), რომელიც საშუალებას იძლევა კლიენტი კომპანიის მიერ წარმატების მიღწევისას ინკუბატორმა მიიღოს შემოსავალი და უზრუნველყოს საოპერაციო ხარჯების სტაბილური დაფინანსება. წილობრივი მოდელის უარყოფით მხარეს წარმოადგენს მისი პრაქტიკული განხორციელების სირთულე და ძალიან მაღალი დამოკიდებულება კლიენტი კომპანიების შემოსავლებზე. მიუხედავად სირთულისა, BII ინკუბატორმა მაინც განვითარების წილობრივი მოდელი აირჩია, რისი მთავარი მიზეზიც ინკუბატორის პერსონალის მოტივაციისათვის მისი გადამწყვეტი მნიშვნელობაა. წილობრივი მოდელით მუშაობისას მოწყენილ, არაკეთილმოსურნე და დაბალი კვალიფიკაციის სახელმწიფო ჩინოვნიკს ცვლის მაღალი მოტივაციის ბიზნეს პერსონალი, რომლის დაინტერესება კლიენტის წარმატებაში ძალზე მაღალია. ამავდროულად, ხდება ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადალახვა, რაც მცირე მეწარმეების მხრიდან საკონსულტაციო სერვისებისადმი ნდობის არქონაში გამოიხატება. ეს პრობლემა წარმოიშვა მცირე ბიზნესის საკონსულტაციო სერვისების ტრადიციულად დაბალი ხარისხის და საკონსულტაციო კომპანიების საკუთარი წარმატების ისტორიის არქონის გამო.
 
 
 
 
 
     
 
     
 
 
საიტის რუქა კონფიდენციალობა